კორღალიძე ჭიაბრიშვილთან დაპირისპირების მოლოდინშია - „ლოკომოტივთან“ შეხვედრა ჩემთვის ჩვეულებრივ მატჩზე ბევრად მეტია
„საბურთალომ“ თურქეთში შეკრება დაასრულა და მზადებას თბილისში განაგრძობს. კლუბმა გუნდმა 2021 წლის მოსამზადებელ ეტაპზე სულ რვა ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც ხუთში გაიმარჯვა, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთში კი დამარცხდა.
ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდი ადგილზე მოემზადება, პირველი ტურის მატჩში კი კლუბი დედაქალაქურ დერბიში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა პირველ მარტს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე დაიწყება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ თურქული შეკრება შეაჯამა და მოახლოებული სეზონის მიზნებსა და პირველ მატჩზე ილაპარაკა.
– თურქულ შეკრებას როგორ შეაფასებდით?
– მთლიანობაში შეკრებით კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. კარგია, რომ შეკრება სერიოზული ტრავმის გარეშე მორჩა, რაც ასეთ დროს ხშირია. თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ტრავმიანობის ნაკლებობა ძირითადად სწორად დაგეგმილ სავარჯიშო პროცესზეა დამოკიდებული. სანამ დავიწყებდით შეკრებას, ფეხბურთელებზე ინდივიდუალური პროგრამა გვქონდა დარიგებული. ეს ფაქტორი ვარჯიშების კარგად წარმართვაში დაგვეხმარა. ჯერჯერობით სწორი გზით მივდივართ, დანარჩენს კი უშუალოდ ოფიციალური თამაშები დაგვანახებს. რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, იმის კვალობაზე, რომ გუნდში 14 ახალი ფეხბურთელია და მოკლე დროში შეთამაშება რთულია, საკონტროლო მატჩებით კმაყოფილი დავრჩი. საერთო ჯამში რვა ამხანაგური მატჩი გავმართეთ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დავმარცხდით. ამხანაგურ შეხვედრებში თითქმის ყველა ფეხბურთელს მივეცი თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
– საკონტროლო მატჩებიდან რომელს გამოარჩევდით?
– თბილისურ შეხვედრებს თუ შევაფასებთ, გამოვარჩევდი „ლოკომოტივთან” მატჩს. მეორე ნახევარი ურიგო არ იყო, თუმცა, პირველი ტაიმი ბევრად უკეთესი იყო. თურქულ შეკრებაზე კი „ორენბურგთან“ მატჩი მომეწონა – იყო ბრძოლა, ხისტი თამაში, კომბინაციური გოლები. თუმცა, ყოველთვის უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ამ შეხვედრების შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ „საბურთალო“ ფაქტობრივად ახალი გუნდია, მაგრამ, ყველაფერს ოფიციალური მატჩები დაგვანახებს. ჯერ ადრეა შეფასებების გაკეთება, რადგან ამხანაგური და ოფიციალური მატჩები ერთმანეთისგან ბევრად განსხვავდება.
– გუნდის სათამაშო ხარისხი უმჯობესდება?
– თბილისსა და თურქეთში გამართული შეხვედრები რომ ავიღოთ, ხარისხში არის დიდი სხვაობა და პროგრესი. ნელ-ნელა წინ მივდივართ და მჯერა, უფრო და უფრო მოვუმატებთ. კარგია, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვიყალიბდება. სამწუხაროდ, ბოლო საკონტროლო შეხვედრაში დავმარცხდით, დანარჩენ შეხვედრებში – ხუთი მატჩი მოვიგეთ და ორი ფრედ დავასრულეთ. გუნდი უკვე თბილისშია და ფეხბურთელებს ორი დღე შესვენების საშუალება მივეცით. ხვალიდან კი საწვრთნელ პროცესს განვაახლებთ. ერთჯერად ვარჯიშებზე გადავდივართ.
– ფაქტობრივად, ყველა კლუბი დაკომპლექტებულია. ახალი სეზონისგან რას ელით?
– ახალ სეზონს ყოველთვის იმედის თვალით ვუყურებ, ასეა ამ შემთხვევაშიც. სამწუხაროა, რომ თამაშებს გულშემატკივარი ისევ ვერ დაესწრება, მაგრამ მჯერა, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და ქომაგი ტრიბუნას დაუბრუნდება. იმედია, ბევრი საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება, რაც ეროვნულ ლიგას უფრო გაალამაზებს და საინტერესოს გახდის.
– „საბურთალო“ მთავარ ქართულ ლიგაში მეშვიდე სეზონს დაიწყებს. სტატისტიკას თვალი რომ გადავავლოთ, სადებიუტო მატჩს კლუბი წარმატებით თამაშობს – ექვსიდან ექვსივე მატჩი მოიგო.
– სტატისტიკას დიდ ყურადღებას ვაქცევ, კარგია რომ „საბურთალოს“ ასეთი ტრადიცია აქვს. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს სასიამოვნო ტრადიცია გაგრძელდეს. ამისათვის კი თითოეული საბურთალოელი ყველაფერს გაიღებს.
– სეზონის სტარტზე „საბურთალოს“ რთული და საინტერესო მეტოქე ჰყავს. რას ნიშნავს თქვენთვის „ლოკომოტივთან“ მატჩი და რა მოლოდინი გაქვთ?
– ჩემთვის, მხოლოდ „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ დაპირისპირება არ არის, ბევრად უფრო მეტია. იცით, რომ ადრე „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი, გიორგი ჭიაბრიშვილი კი „საბურთალოს“ ხელმძღვანელობდა. გიორგის მოპოვებული ტიტულებით ჯერჯერობით ვერ შევედრები, რადგან მან „საბურთალოში” ბევრ წარმატებას მაიღწია, მაგრამ „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ ორივეს გვიყვარს და ჩვენი გუნდების წარმატებისთვის ორივე ბევრს ვშრომობთ. გამარჯვებისთვის თავს არ დავზოგავთ, დანარჩენს კი უშუალოდ თამაში გვაჩვენებს.