კორეისა და საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით კორეის პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, ჩუნ ჰი ჯა და პროექტების მენეჯერი, იესუალ ლი იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ეწვია, სადაც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, შალვა მაისურაძესა და პარასპორტსმენებს შეხვდნენ.
კორეის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში პარასპორტის განვითარების შესახებ და სავარჯიშო პროცესს დაესწრნენ. მხარეთა შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, კორეაში ქართველი პარასპორტსმნების და მწვრთნელების გადამზადება გადაწყდა.
„საქართველოს პარალიმპიურ სპორტში საკმაოდ კარგი ტრადიციები გააჩნია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან და დავეხმაროთ. მემორანდუმი ამ მიზნით გაფორმდა. ეს ორივე კომიტეტს მოგვცემს საშუალებას, რომ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, სპორტსმენებს მივცეთ საშუალება, მეტ ტურნირზე იასპარეზონ და პარალიმპიური სახეობები გავაძლიეროთ. ზოგადად, ეს ნაბიჯებით საშუალებას მოგვცემს, რომ პარალიმპიური მოძრაობა მსოფლიოში უფრო პოპულარული გახდეს“, – ამბობს კორეის პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ჩუნ ჰი ჯა.
საქართველოში პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე აცხადებს, რომ კორეის პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებთან მემორანდუმის ტექსტზე შეთანხმდნენ, რომელსაც ხელი სეულში მოეწერება.
„ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი სპორტსმენებისა და მწვრთნელების კორეაში გამგზავრება და გადამზადება, დაგვეხარებიან ინვენტარით და გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, – აცხადებს შალვა მაისურაძე.
მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი აცხადებს, რომ კავშირების განმტკიცება და ყოველი ახალი პარტნიორი ბევრს ნიშნავს.
„მიხარია, რომ კორეელებმა ჩვენი წარმატებები დაინახეს და დააფასეს. როგორც ვიცი, ლაპარაკია დაფინანსებაზეა და შეკრების მოწყობაზე, რაც ჩვენ შედეგების გაუმჯობესებაში ხელს შეგვიწყობს“, – აცხადებს ირმა ხეცურიანი.
მხარეთა დამეგობრების იდეა 2018 წელს გაჩნდა, როდესაც პიოჩანგში გამართულ პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა. პარტნიორობის მხარდაჭერა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის ინიციატივა იყო.