„კოპენჰაგენი“ ხოჭოლავაზე ნადირობს - ქართველი მცველით სხვა გუნდები დაინტერესდნენ და ის გადაწყვეტილებას მალე მიიღებს #1TVSPORT
დანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი „კოპენჰაგენი“ დათა ხოჭოლავას დამატებას ცდილობს. ამის შესახებ წერილს ცნობილი დანიური გამოცემა bt.dk აქვეყნებს.
„სეზონის დაწყებამდე „კოპენჰაგენი“ გაძლიერებას ცდილობს. გუნდის სპორტული დირექტორი პიტერ კრისტიანსენი ცენტრალურ მცველს ეძებდა და მას ძალიან მოეწონა დავიდ ხოჭოლავა. „კოპენჰაგენი“ მისი დამატებით ძალიან დაინტერესებულია. საქართველოს ნაკრების მცველი დონეცკის „შახტარში“ თამაშობს, მაგრამ არის საფრთხე, სათადარიგოებში დარჩეს“, – წერს დანიური გამოცემა.
bt.dk-ის მტკიცებით, დიდი ხანია, კლუბს ქართველი მცველის დამატება სურს:
„ხოჭოლავა ადრეც მოექცა „კოპენჰაგენის“ ფოკუსში, როდესაც კლუბის მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი იყო. ჩვენი ცნობით, ეს არ ცვლის „კოპენჰაგენის“ ინტერესს, რაც სოლბაკენის გათავისუფლების მიუხედავად არ შემცირებულა. გასულ ზაფხულს ნორვეგიელმა და მისმა სტაფმა სცადეს, შეესწავლათ ხოჭოლავას კლუბში მოყვანის შესაძლებლობა, მაგრამ ეს მოულოდნელად შეუძლებელი გახდა, რადგან გასულ სეზონში მცველმა უკრაინული კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო. „შახტარის“ 28 წლის მცველი ახლა კვლავ გადასვლას უახლოვდება. ამასთან, ქართველით მხოლოდ „კოპენჰაგენი“ არ არის დაინტერესებული. ხოჭოლავა სხვა კლუბების ინტერესსაც იწვევს. სავარაუდოდ, ის მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელებს კარიერას“.
გამოცემის ცნობით, „კოპენჰაგენში“ პრობლემა მოთამაშის წასვლით შეიქმნა:
„კოპენჰაგენისთვის“ დაცვის ცენტრი ის პოზიციაა, სადაც ახალი ფეხბურთელის დამატება მაქსიმალურად მალე სურს. ნიკოლა ბოილესენი კვლავ დანიის ეროვნულ გუნდშია და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაისვენებს. მათიას იორგენსენს საიჯარო ვადა ამოიწურა და ვიქტორ ნელსონისაც ვეღარ დარჩება. ხოჭოლავას ტრანსფერის აუცილებლობა სწორედ ამან გამოიწვია. კოპენჰაგენელებსაც ამიტომ უნდათ, რომ ამ ადგილზე გაძლიერება რაც შეიძლება მალე მიიღონ“.