კოპა ამერიკაზე მეორე ტურის პირველი მატჩი გაიმართა C ჯგუფში. ურუგვაის ნაკრები, რომელმაც პირველ ტურში 4:0 გაანადგურა ეკვადორი, იაპონიას ხვდებოდა, რომელმაც მანამდე ასეთივე ანგარიშით წააგო ჩილესთან. მოულოდნელად, ურუგვაელებმა ვერ შეძლეს მოგება, პირიქით, ორჯერ მდევრის როლში იყვნენ და, საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ანგარიში იაპონელებმა 25-ე წუთზე გახსნეს – გოლის ავტორი გახდა ნახევარმცველი კოძი მიეოსი. შვიდი წუთის შემდეგ, თანაფარდობა აღადგინა ურუგვაელთა ლიდერმა ლუის სუარესმა, რომელმაც 11-მეტრიანი გამოიყენა. ეს „ბარსელონას“ ფორვარდის მეორე გოლია ტურნირზე. 59-ე წუთზე კოძი მიეოსიმ დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ურუგვაელთა ცენტრალურმა მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა დააფიქსირა ნიკოლას ლოდეიროს პასით
ურუგვაი ოთხი ქულით ჯგუფის ლიდერია. C ჯგუფში მეორე ტურის მეორე მატჩი შაბათს, ჩილესა და ეკვადორის შორის გაიმართება.