კონტრაქტი 2024 წლამდე - „დინამო თბილისი“ გიორგი მაისურაძეს შეუთანხმდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ კონტრაქტი საკუთარი აკადემიის კიდევ ერთ აღზრდილთან გაახანგრძლივა. დედაქალაქურმა კლუბმა 2024 წლის ბოლომდე ხელშეკრულება გიორგი მაისურაძესთან გააფორმა.
გიორგი მაისურაძეს დინამოს აკადემიის ყველა ასაკობრივ დონეზე უთამაშია და სხადასხვა დროს საქართველოს 15-წლამდე, 17-წლამდე და 19-წლამდე ჩემპიონატების გამარჯვებულია. ძირითად გუნდში კი, მისი დებიუტი 2021 წლის სეზონში, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩში „საბურთალოსთან“ შედგა.
ახალგაზრდა მოთამაშე „დინამოსთან“ ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება. მან ოთხივე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
გიორგი მაისურაძემ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე კომენტარი გააკეთა.
„ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე. „დინამოს“ აკადემიაში სწორედ ამ ასაკში მოვხვდი და მას შემდეგ ყველა ასაკობრივი ჯგუფი გავიარე. აქედან გამომდინარე ეს კლუბი ჩემთვის განსაკუთრებულია. მიხარია, რომ შანსი მომეცა და ძირითად გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე ვიმყოფები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავი მოვაწონო როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე დინამო გულშემატკივარს“, – ამბობს გიორგი მაისურაძე.