კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე 100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) შეეცდებიან.
ლუკა მაისურაძე პირველ შეხვედრაში ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულაიდის დაუპირისპირდება. ვარლამ ლიპარტელიანი მე-2 რაუნდში დანიელი მატიას მადსენისა და გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაის წყვილში გამარჯვებულთან იჭიდავებს, ხოლო ილია სულამანიძე აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვისა და ფრანგი სედრიკ ოლივარის წყვილში საუკეთესოს შეხვდება.
მძიმეწონოსნებში ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტად გურამ თუშიშვილი მიიჩნევა. ქართველი მე-2 წრეში გერმანელ ლოსენი კონეს შეხვდება. +78კგ-ში სომხიშვილი ნიდერლანდელ მარიტ კამპსს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა. ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლიაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.