კონტე კვარაცხელიას შესახებ - ვმუშაობთ, რომ უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში „პარმასთან“ საშინაო მატჩამდე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ბოლო ტურში, „ბოლონიასთან“, კვარამ გოლი განსაკუთრებულად მოგილოცათ. კარიერის განმავლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელი გინახავთ, ის როგორი დონის მოთამაშეა?“ – ეს ერთ-ერთი შეკითხვა იყო, რომელსაც „ნაპოლის“ მწვრთნელმა უპასუხა.
„ხვიჩა კარგი ბიჭი და პროფესიონალია, მას სურს, კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, რაც, ჩემი აზრით, მოთამაშის შემდგომი ზრდის მთავარი საფუძველია. კვარაცხელია ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს, მას შეუძლია მართლაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.
ტაქტიკურად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად არაპროგნოზირებადი გახდეს. მას მოედნის მხოლოდ ერთ ზონაში თუ ათამაშებ, ვითარებას მეტოქეც ადვილად უღებს ალღოს და მის მიმართ ყურადღებას აორმაგებს, შესაბამისად, მისი მოქმედებაც უფრო იოლად მისახვედრი ხდება.
ხვიჩას კარგი აზროვნება გამოარჩევს და აქვს შესაძლებლობა, პიროვნულად და მენტალურად გაიზარდოს. მან აჩვენა, რომ მოსმენა იცის და შეუძლია, წინსვლა განაგრძოს – დღეს ის უკვე ძალიან ძლიერია.
მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომწონს, ისაა, რომ გუნდის ინტერესებით ხელმძღვანელობს – სწორედ ესაა ის თვისება, რასაც მე ფეხბურთელებში ვეძებ. ასეთ მოთამაშეებს გუნდიც აფასებს“, – განაცხადა კონტემ.
„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრას „პარმასთან“ 31 აგვისტოს გამართავს. „სტადიო მარადონაზე“ შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.