ნოემბრის ტესტების წინ დაშავებულ „ბორჯღალოსანთა“ რიცხვს კიდევ ერთი მორაგბე მიემატა.
„ბორდოსთან“ გამართულ „ტოპ 14“-ის შეხვედრაში „მონპელიეს“ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეორე ხაზელი, კონსტანტინე მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მატჩის დასაწყისშივე ბოჭვისას ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვერნ კოტერმა განაცხადა, რომ მიქაუტაძემ ხელი მოიტეხა და ტრავმა საკმაოდ მძიმეა.
სამწუხაროდ, იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე მიქაუტაძე ვერ დაეხმარება ძალიან დიდია. ექიმების დასკვნით ქართველ მორაგბეს მოედანზე დასაბრუნებლად რამდენიმე თვე დასჭირდება.