კონსტანტინე მიქაუტაძე - უელსთან უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ
კონსტანტინე მიქაუტაძე - უელსთან უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ

ინგლისთან მარცხის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ რიგებს მხტომელი კონსტანტინე მიქაუტაძე შეუერთდა. „შემოდგომის ერთა თასის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ მეორეხაზელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ინგლისთან წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაციის შანსი მალევე ეძლევა – ისინი უქმეებზე უელსს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ზედიზედ ექვსი შეხვედრა დათმო.

მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელიც რვა თვიანი ქუსლის ტრავმიდან დაბრუნდა, გუნდელებს მოუწოდებს „პარკ ი სკარლეტსზე“ (Parc y Scarlets) გასვლისას უფრო თავდაჯერებულნი იყვნენ.

„მიუხედავად ბოლო დროინდელი მარცხებისა, უელსი ძალიან ძლიერი გუნდია და ისინი ჩვენთან გაათმაგებული მოტივაციით ითამაშებენ. თუკი პროგრესი გვსურს, უნდა დავივიწყოთ ვის ვეთამაშებით და კონცენტრაცია იმაზე მოვახდინოთ, თუ თავად როგორ ვიმოქმედებთ. უნდა გავაანალიზოთ წარსული თამაშები და სუსტი მხარეების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ. საკუთარ თავში დარწმუნებულები და უფრო ზუსტები უნდა ვიყოთ,“ – ამბობს მიქაუტაძე.

მეორეხაზელმა „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ორ მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა და ფიქრობს, რომ „შემოდგომის ერთა თასი“ ქართული რაგბის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია:

„მიმდინარე ტურნირი ქართული რაგბის განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს. პრაქტიკულად, ეს მეორე მსოფლიო თასია, რომელსაც დროის ორ წლიან მონაკვეთში ვთამაშობთ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ყველა კომპონენტს დავუთმოთ ყურადღება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ყოველი მატჩის შემდეგ საჭიროა სწორი ანალიზი და განვითარება.

გუნდში ბევრი ახალი მორაგბეა, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლიათ. აღნიშნულს ემატება პანდემია და ის ფაქტი, რომ შეთამაშებისთვის დიდი დრო არ გვქონდა.“

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისთან შეხვედრის შედეგით იმედგაცრუებულია, მიქაუტაძემ, შოტლანდიასთან წაგებულ მატჩთან შედარებით, იმედისმომცემი პროგრესიც შენიშნა:

„მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა, გუნდმა დაცვაში შესამჩნევად უკეთ ითამაშა. 100-ზე მეტი ბოჭვიდან მხოლოდ 10 გაფუჭდა. იყო უკეთესობა დისციპლინის კუთხითაც – ნაკლებჯერ დავჯარიმდით, ვიდრე წინა მატჩში და ბურთსაც უფრო მეტად ვაკონტროლებდით. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ასეთ მეტოქეებთან თამაშში მაქსიმალურად დიდი გამოცდილება მივიღოთ. „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ სხვა რეალობაა – იქ ვიცით, რომ ყოველ წელს მოგვეცემა ახალი შანსი. პირველი რანგის ქვეყნებთან თამაში იშვიათად გვიწევს, ამიტომაც, ბურთს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ და დაცვაში ნაკლები დრო გავატაროთ, რადგან მეტოქეები ჩვენს შეცდომებს ყოველთვის იყენებენ.“