კონსტანტინე მარადიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს - ამის გამო საკლუბო დონეზე პრობლემები შეექმნა #1TVSPORT
კონსტანტინე მარადიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს - ამის გამო საკლუბო დონეზე პრობლემები შეექმნა #1TVSPORT

კონსტანტინე მარადიშვილს, რომელიც საქართველოს მოქლაქეობის მიღებასა და ეროვნულ ნაკრებში თამაშს აპირებს, საკლუბო დონეზე პრობლემები შეექმნა – მას მოსკოვის „ლოკომოტივში“ არ ათამაშებენ, ხოლო ერთ-ერთმა დაინტერესებულმა კლუბმა მის იჯარით აყვანაზე უარი თქვა.

გამოცემა „სპორტ ექსპრესის“ ინფორმაციით, 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორით „ურალი“ დაინტერესდა, რომელმაც „ლოკომოტივში“ მარადიშვილის ტრანსფერზე ოფიციალური მოთხოვნაც გააგზავნა. კლუბს 23 წლის ნახევარმცველის იჯარით აყვანა სურდა, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა – ასეთ შემთხვევაში მარადიშვილი ლეგიონერის სტატუსს მიიღებს, რაც პრობლემის მიზეზი გახდა.

„მარადიშვილის იჯარაზე „ლოკომოტივს“ ოფიციალური შეთავაზება გავუგზავნეთ. ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთან არ ითამაშებს, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს, ჩვენ კი ძალიან ბევრი ლეგიონერი გვყავს. სწორედ აქ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას“, – განაცხადა „სპორტ ექსპრესთან“ „ურალის” პრეზიდენტმა, გრიგორი ივანოვმა.

მართალია, გაზაფხულზე ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი მოქალაქეობის შეცვლას და საქართველოს ნაკრებში თამაშს არ აპირებდა, მაგრამ როგორც დრომ აჩვენა, ეს კლუბში პრობლემების თავიდან ასარიდებლად გააკეთა.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა 21 მატჩში 687 წუთი გაატარა მოედანზე და „ლოკომოტივში“ სათამაშო დროით უკმაყოფილოა – ის მზადაა, რკინიგზელთა კლუბი დატოვოს. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ.

„ლოკომოტივმა“ მარადიშვილის ტრანსფერი 2021 წელს 7 მილიონ ევროდ გამოისყიდა.