კონსტანტინე მარადიშვილი - ქართული პასპორტი უკვე ავიღე და საქართველოს ნაკრებში თამაში გადავწყვიტე #1TVSPORT
რუსეთში გაზრდილმა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებმა 23 წლის კონსტანტინე მარადიშვილმა (რომელიც „ლოკომოტივიდან“ „პარი ნნ“-ში გადავიდა) „სპორტ ექსპრესთან“ ინტერვიუში საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
„საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე, მაგრამ ნაკრებში თამაშის საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქამდე მუშაობს. ფიფა-ში განაცხადი შესულია და პასუხს ველოდები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მითხრეს, რომ გარკვეული დროა საჭირო. რამ მოახდინა გავლენა გადაწყვეტილებაზე? ვიზრდებოდი და ნელ-ნელა გავიაზრე, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მსურდა.
ქართულ ენაზე მძიმედ ვსაუბრობ, მაგრამ ახლა „პარი ნნ“-ში ქუთათელაძე დამეხმარება, რომელიც გენიოსია – ის თავისუფლად ფლობს ოთხ ენას: ქართულს, რუსულს, ინგლისურსა და ფრანგულს! ინგლისურს ვსწავლობ, ადვილი არაა, თუმცა კარგად ვლაპარაკობ. მაგრამ ოთხი ენა, რა თქმა უნდა, სულ სხვა დონეა.
მამაჩემის მხრიდან ჩემი ყველა ნათესავი ქართველია და რატომ არ შემიძლია საქართველოს ნაკრებში ვითამაშო? ამ თემაზე ბევრი ნეგატივი მოვისმინე, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, რას ამბობენ და კრიტიკას უკვე იუმორით ვუდგები – ნეგატიურად განწყობილები ყოველთვის იქნებიან.
მამაჩემი ამ გადაწყვეტილებით ბედნიერია, რადგან ბავშვობიდან უნდოდა, რომ საქართველოსთვის მეთამაშა, ახლა კი შანსი რეალურია. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს“, – ამბობს კონსტანტინე მარადიშვილი.