კონორ მაკგრეგორი საფრთხეშია - UFC-ის ვარსკვლავი ირლანდიურ მაფიას დაუპირისპირდა
რამდენიმე დღის წინ, შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა. ბრიტანული პრესა წერდა იმ ჩხუბის შესახებ, რომელიც ირლანდიელმა მებრძოლმა დუბლინის ერთ-ერთ ბარში მოაწყო. თავდაპირველად, მაკგრეგორი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ უბრალო ირლანდიელი შემოელახა, მაგრამ, შემდეგ გაირკვა, რომ Black Forge Pub-ში UFC-ის ჩემპიონისგან დაზარალდა ვინმე გრემ უილანი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია.
* * *
თუ ირლანდიური პრესის ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ მაკგრეგორი არასახარბიელო სიტუაციაში მოხვდა. დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელსაც მებრძოლი უნებლიედ დაუპირისპირდა, სათავეში უდგას 60 წლის კრისტი კინაჰანი – კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობს და ექვსწლიანი პატიმრობა მოიხადა ჯერ კიდევ მაკგრეგორის დაბადებამდე. კრისტი ცნობილია იმით, რომ უარი თქვა ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე… ცოდნის მიღების სასარგებლოდ. მან საპატიმროში მთელი ექვსი წლის გატარება არჩია და ამ დროის განმავლობაში, სრულყოფილად შეისწავლა ესპანური და რუსული. გათავისუფლების შემდეგ, კრისტიმ სწრაფად მოუძებნა ენების ცოდნას გამოყენება – დაალაგა კავშირები კოლუმბიურ კარტელებთან და რუსულ მაფიასთან და დააწესა კონტროლი ნარკოტიკების ბაზარზე არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელს დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა, ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება იარაღითაც ვაჭრობს. კინაჰანის კლანის წევრები ბოლო წლებში დუბლინში მომხდარ ყველა მსხვილ დანაშაულში მონაწილეობდნენ.
* * *
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კრიმინალურმა ექსპერტმა პოლ უილიამსმა განაცხადა, რომ უმჯობესია, მაკგრეგორმა მაფიასთან ხუმრობას თავი დაანებოს და რაც შეიძლება მალე დატოვოს ქვეყანა. მისი თქმით, კონორს უახლოეს დროში მიუვა ოფიციალური შეტყობინება ირლანდიური პოლიციისგან, რომელშიც ამგვარი რეკომენდაციები იქნება: “მაკგრეგორი სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდა. ის კონფლიქტში შევიდა ძალიან სახიფათო ხალხთან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კინაჰანის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან. ამ ადამიანებისთვის სულ ერთია – ვინ არის კონორ მაკგრეგორი და რამდენად ძლიერია ის. ისინი არ დაინდობენ მას”, – დარწმუნებულია უილიამსი.
* * *
სულ სხვა აზრისაა კონორის მამა – ტონი მაკგრეგორი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი დანა უაიტი. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ არაფერი იცის MMA-ის ვარსკვლავის თავს დატეხილ საფრთხეზე. “თუ ეს სიმართლეა, ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა. ეს რომ სიმართლე იყოს, ყველაფერი გვეცოდინებოდა ამის შესახებ”, – დარწმუნებულია უაიტი. ტონი მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები – კანონმორჩილი მოქალაქეები არიან და არაფრის უნდა ეშინოდეთ. გაზეთმა The Independent-მა კი დაწერა, რომ თავად კონორ მაკგრეგორმა ბრძოლაში გამოიწვია მაფია. “მოდით და დამამარცხეთ”, – განუცხადა მებრძოლმა ჟურნალისტს.
თუმცა, ბრიტანული ტაბლოიდების ვერსიით, ტონი და კონორი სასწრაფოდ გაფრინდნენ ირლანდიიდან კრისტი კინაჰანთან შესახვედრად, რომელიც დუბაიში ცხოვრობს. და დამაჯერებლობისთვის, თან წაიღეს 900 ათასი ევრო ნაღლი ფული.