ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა „ი ეს ფი ენ“-ს (ESPN) ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სპორტში დაბრუნებაზე, ხანგრძლივი პაუზის მიზეზებზე და ხაბიბ ნურმაგომედოვთან ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ორ წონაში ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ხელის მოტეხილობის გამო ასპარეზობას და ვარჯიშს ვერ ახერხებდა. ირლანდიელი ნურმაგომედოვთან შარშან, ნოემბერში დამარცხდა და მას შემდეგ არ უჩხუბია.
კონორმა განაცხადა, რომ ტრავმა სწორედ ხაბიბთან ბრძოლამდე, მომზადების ეტაპზე მიიღო – „სპარინგისას მეტოქეს მარჯვენა ხელი დავარტყი. იგი წაიქცა, მეც მივყევი და მარცხენა ხელი მოვუქნიე. სწორედ ამ დროს მივიღე ტრავმა. ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, როდესაც იცი, რომ შენი ცნობილი მარცხენა თათი საუკეთესო ფორმისგან შორსაა.“
მაკგრეგორის თქმით, გასულ თვეში მან „იუ ეფ სი“-სთან (UFC) ისაუბრა და სავარაუდოდ, ოქტაგონს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება – „დიდი ალბათობით მომავალი წლის ივლისში დავბრუნდები. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ისიც, თუ ვინ შეიძლება იყოს ჩემი მეტოქე. სურვილი მაქვს, რომ ის ბრძოლის სტილით ხაბიბს ჰგავდეს, რათა რემატჩისთვის კარგად მოვემზადო. ამ ეტაპზე, უბრალოდ ოქტაგონზე დაბრუნება მსურს. არაფერი შეგეშალოთ, ჩემი უნარები კვლავ ადგილზეა და კარგად ვიცი, თუ რისი გაკეთებაც შემიძლია. მზად ვარ ეს გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დავუმტკიცო. „იუ ეფ სი“-სთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დავბრუნდები.“
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა, როდესაც გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ იგი ბარში ერთ-ერთ პიროვნებას ურტყამს.
„ეს უპატიებელია, მე შეცდომა დავუშვი. არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ბოდიშს ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს ყველაფრისთვის“, – განაცხადა ირლანდიელმა მებრძოლმა.