სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია „კონმებოლმა“ (CONMEBOL) არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესის მხრიდან კორუფციის ბრალდებას უპასუხა.
„ფეხბურთში ხანდახან იგებთ და ხანდახან მარცხდებით, ხოლო პატიოსანი თამაშის ძირითადი პრინციპია, მიიღო შედეგები ისეთი, როგორიც არის. იგივე ითქმის მსაჯის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული.
დაუშვებელია, ასეთი ინციდენტების გამო ეჭვი შევიტანოთ ტურნირში, რომელშიც 12 გუნდი თანაბარ პირობებში იმყოფება. არსებობს დაუსაბუთებელი ეჭვი იმისა, რომ სიმართლე არასაკმარისია და ამით საეჭვო ხდება კოპა ამერიკას პრესტიჟი.
ამგვარი ბრალდებები წარმოადგენს უპატივცემლობას ტურნირისადმი, ყველა მონაწილისადმი და „კონმებოლის“ ასობით სპეციალისტისადმი, რომლებიც ბევრს მუშაობენ სამხრეთამერიკული ფეხბურთის განვითარებისთვის“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
შაბათს გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც არგენტინამ ანგარიშით 2:1 დაამარცხა ჩილე. ამ მატჩში 37-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს ლიონელ მესი და გარი მედელი. საფინალო სასტვენის შემდეგ, მესიმ უარი თქვა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე და ჟურნალისტებთან „კონმებოლში“ არსებულ კორუფციაზე ილაპარაკა.