„კონიასფორმა“ მოიგო, შენგელიამ სეზონში მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა
ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ჩემპიონატის 25-ე ტურში მისმა გუნდმა „კონიასფორმა“ „დენიზლისფორს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც საქართველოს ნაკრების შემტევმა თავისი როლი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების შემტევი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. მაგრამ მცირე დროის მიუხედავად, შენგელიამ თავი მაინც გამოიჩინა. თამაშში ჩართვიდან ოთხ წუთში გადამწყვეტი მეორე გოლი მისი გადაცემით გავიდა – 25 წლის ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგზე მცველებს გაექცა და კარის წინ ბურთი ფეხზე დაასვა ჯესი სეკიდიკას, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0 „კონიასპორის“ სასარგებლოდ.
25 ტურის შემდეგ „კონიასფორმა“ 27 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა. მას თამაშები მარაგში აქვს, რადგან პანდემიის გამო ორი მატჩი გადაუტანეს. ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.