კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „აქტობესთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „აქტობეს“ „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.
ყაზახების ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი ლუკა გადრანი. პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე სტუმრებმა ბაურ ბაიტანას დარტყმის შედეგად შექმნეს. ქუთაისელებს კარგი მომენტი მე-14 წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ლაშა შერგელაშვილმა არაზუსტად დაარტყა.
ყაზახები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ და 9-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. 34-ე წუთზე „აქტობე“ ალიბეკ კასიმმა პენალტით დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე მეორე გოლი მილოშ რაიკოვიჩმა გაიტანა და სტუმრებმა შესვენებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
ქუთაისის „ტორპედომ“ მეორე ტაიმში ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, რეალური საგოლე მომენტიც შექმნა – 58-ე წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემა ირაკლი ბუღრიძემ ვერ გამოიყენა. ყაზახებმა კი თავიანთი მომენტით ისარგებლეს – 73-ე წუთზე მესამე გოლი მაქსიმ სამოროდოვმა გაიტანა და „ტორპედოს“ თამაშის გადარჩენის შანსი გადაუწურა.
89-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, მაგრამ 90+3-ე წუთზე ფილიპოვიჩმა სამბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.