კონფერენსლიგის მატჩი პირველ არხზე, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „სარაევოს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ ევროტურნირებს უბრუნდება. დღეს, ️13 ივლისს „რამაზ შენგელია არენაზე“ საქართველოს თასის მფლობელი კონფერენსლიგაზე ბოსნიურ „სარაევოს“ დაუპირისპირდება.
ქუთაისურმა კლუბმა „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ წინასამატჩო ვარჯიში გამართა. პრესკონფერენცია ჩაატარა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა სტივ კინმა.
„ტორპედო“ შეხვედრას განახლებული შემადგენლობით ჩაატარებს. ქუთაისელებმა შვიდი ფეხბურთელი დაიმატეს, ხოლო გუნდის ახალი კაპიტანი გამოცდილი ნახევარმცველი მერაბ გიგაური გახდა. მატჩამდე ქუთაისელებმა ახალი სათამაშო ფორმაც წარადგინეს.
„წლების შემდეგ პირველად გვეძლევა შანსი, ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და აუცილებელია გულშემატკივრის მხარდაჭერა. მეტოქე ძლიერი და გამოცდილია, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი მომენტებით ვისარგებლოთ“, – განაცხადა სტივ კინმა.
კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ შორის 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.