კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე ხორვატიის ნაკრების მეკარით გაძლიერდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია ჰერცოგოვინას „სარაევოს“ დაუპირისპირდება, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი თამაშობს.
მატჩამდე გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. შვიდი წლის შემდეგ „სარაევოს“ მეკარე ბელმინ დისდარევიჩი დაემშვიდობა და ფრანგულ „მონპელიეში“ გადავიდა. მას უთამაშია ბოსნიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ერთხელ კი ეროვნული გუნდის მაისური აშშ-ს წინააღმდეგ მოირგო.
დისდარევიჩის ნაცვლად „სარაევოს“ კარს ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი ლოვრე როგიჩი დაიცავს. ახალწვეული კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც „შიბენიკთან“ კონტრაქტი ამოეწურა. როგიჩმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ გუნდში გაატარა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და კაპიტანი გახლდათ. გასულ სეზონში ხუთჯერ დასახელდა ჩემპიონატის თვის საუკეთესო მეკარედ.
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ბოსნია ჰერცოგოვინას „სარაევოს“ წინააღმდეგ 13 ივლისს, „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართავს, 20 ივლისს კი მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.