კონფერენსლიგა | უეფა-მ არბიტრები დანიშნა - ქუთაისში „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩს ბელგიელები განსჯიან #1TVSPORT
კონფერენსლიგა | უეფა-მ არბიტრები დანიშნა - ქუთაისში „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩს ბელგიელები განსჯიან #1TVSPORT

უეფა-მ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მსაჯები დანიშნა და ცნობილი გახდა იმ არბიტრების ვინაობა, ვინც ქართული გუნდების მატჩებს განსჯიან.

ქუთაისის „ტორპედოსა“ და ყაზახური „აქტობეს“ მატჩზე ბელგიელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს – მთავარი მსაჯი ჯონათან ლარდო იქნება, ლაინსმენები ფლორიან ლემარი და კვენტინ ბლეზი, ხოლო მეოთხე მსაჯი – ბერტ პუტი.

ჯონათან ლარდო 39 წლისაა. მისი დებიუტი ბელგიის პროლიგაში 2010-2011 წლების სეზონში შედგა. 2014 წლის 20 ივლისს მან ბელგიის სუპერთასის ფინალური მატჩი ჩაატარა. ლარდო 2017/2018 წლების სეზონის საუკეთესო ბელგიელ მსაჯად დასახელდა.

მისი საერთაშორისო დებიუტი 2013 წლის 7 ივლისს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (ალბანეთი-უნგრეთი) შედგა. ევროთასებზე პირველად 2013 წლის 11 ივლისს იმსაჯა – ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრული „ჰონვედისა“ და მონტენეგროს „ჩელიკის“ თამაში განსაჯა.

2018 წლის ზაფხულში უეფა-მ ფინეთში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე მიავლინა, სადაც სამ თამაშზე იმუშავა, მათ შორის ნახევარფინალში იტალიასა და საფრანგეთს შორის (2:0).

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ „აქტობეს“ 27 ივლისს, „შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს, ყაზახეთი ჩატარდება.

25 ივლისს, მალტის „ჰამრუნ სპარტანსისა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრას ბოსნიელი არბიტრები განსჯიან – მთავარი მსაჯი მილოშ გიგოვიჩი იქნება, მას დამირ ლაზიჩი და ამერ მასიჩი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ანტონი ბანდიჩი იქნება. „ჰამრუნისა“ და „დინამოს“ შეხვედრა ტა ქალის „ნაციონალ არენაზე“ 22:00 საათზე დაიწყება.

პოლტავის „ვორსკლასა“ და გორის „დილას“ მატჩს, რომელიც პოლონეთის ქალაქ ტიხიში ჩატარდება, ბულგარელი არბიტრები მოემსახურებიან – ნიკოლა პოპოვის ასისტენტები გეორგი ტოდოროვი და მარტინ ვენევი იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციას ივაილო სტოიანოვი შეასრულებს.

„ვორსკლასა“ და „დილას“ შეხვედრა 27 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება.