კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი | „ტორპედომ“ ალბანურ „ტირანასთან“ მოგება ხელიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მოგების რეალური შანსი ჰქონდა, საბოლოოდ, მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 1:1.
ქუთაისელებმა „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნეს – გიგი მჭედლიშვილის გადაცემა ალბანელთა მცველმა, გლედი მიჩიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.
ქუთაისელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს. ალბანელებმა კი თამაში გაათანაბრეს, მეორე ტაიმში უპირატესობაც მოიპოვეს და რამდენიმე ეპიზოდში „ტორპედო“ აშკარა გოლს გადარჩა.
87-ე წუთზე ქუთაისელები მაინც დაისაჯნენ: კონტრშეტევაზე „ტირანას“ ნახევარმცველმა, რიმალ ჰაქსიუმ მარჯვენა ფლანგზე ბურთი იოლად მიიღო, ადვილად დაარტყა და „ტორპედოს“ უპირატესობა გააბათილა – 1:1.
„ტორპედოსა“ და „ტირანას“ საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს ტირანაში გაიმართება.