კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი I გორის „დილა“ კვიპროსის აპოელ-თან დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი I გორის „დილა“ კვიპროსის აპოელ-თან დამარცხდა #1TVSPORT

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი კვიპროსის აპოელ-თან გამართა და 0:2 დამარცხდა.

„დინამო არენაზე“ ჩატარებულ შეხვედრას დაახლოებით 15 000-მდე მაყურებელი დაესწრო. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პირველი სახიფათო მომენტი აპოელ-მა შექმნა, თავის გამოჩენა გიორგი ქვილითაიას შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი კარს ააცილა.

„დილა“ თამაშს აკონტროლებდა, ბევრს უტევდა, პირველი რეალური მომენტი კი 32-ე წუთზე საჯარიმოს შესრულების შემდეგ შექმნა, რევაზ ჩიტეიშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

„დილას“ აქტიურობის მიუხედავად, გოლი 45+1-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გორელთა დაცვა მოეშვა, კარის წინ დარჩენილი გიორგი ქვილითაიას დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კრესპომ ითამაშა, გაიტანა და აპოელ-ი დააწინაურა.

„დილამ“ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, მაგრამ კვიპროსელთა საჯარიმოში შესვლა უჭირდა და გორელებმა შორიდან დარტყმებით სცადეს ანგარიშის გათანაბრება. ჟან ვიკტორისა და რეზო ჩიტეიშვილის მცდელობებს სლოვენიელი მეკარე ვიდ ბელეჩი გადაეღობა.

64-ე წუთზე აპოელ-მა საჯარიმო დარტყმით სხვაობა გაზარდა. შეცვლაზე შემოსული გეორგიოს ეფრემის დარტყმას „დილას“ მეკარე შეწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია – 0:2.

ანდრეი დემჩენკომ თამაშის შემოტრიალება შეცვლებით სცადა. ტიერი გეილი თამაშს მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. 87-ე წუთზე კი ბოლო იმედის ჯარიმისთვის „დილას“ კაპიტანი ალეფ სანტოსი გააძევეს და თამაშის გადარჩენის იმედიც აქ დასრულდა.

გორელებს მონდომება არ უნდა დავუკარგოთ. გუნდმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მეტოქე დღეს უკეთესი იყო. აპოელ-ისა და გორის „დილას“ განმეორებითი მატჩი კვიპროსში გაიმართება. 17 აგვისტოს თამაშს ნიქოზიის სტადიონი უმასპინძლებს.