კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | „ტორპედო“ - „აქტობე“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „აქტობეს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 27 ივლისს „შენგელია არენაზე“ გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეხვედრას წინ საკმაოდ უცნაური ამბები უძღვოდა.
ყაზახები საქართველოში თამაშის დღეს ჩამოვიდნენ
ყაზახეთის საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ ქუთაისში თამაშის დღეს ჩამოვიდა. არადა, გუნდმა საქართველოში გამომგზავრება 26 ივლისს დაგეგმა, მაგრამ ჩარტერული რეისს, რომლითაც „აქტობეს“ დელეგაცია მოფრინავდა, საქართველოდან აცნობეს, რომ არ მიიღებდნენ, ვინაიდან გადამყვანი ავიაკომპანია სანქცირებულთა სიაში იყო. ყაზახებმა ავაკომპანია შეცვალეს და საქართველოში 27 ივლისს ჩამოვიდნენ.
გარდა ამისა, ქუთაისის შეხვედრაში „აქტობეს“ კოტდივუარელი თავდამსხმელი ანდერსონ ნიანბო ვერ დაეხმარება. ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკელ თავდამსხმელს საქართველოს ვიზაზე უარი ეთქვა. სინამდვილეში, კლუბმა მისთვის ვიზა წინასწარ არ მოითხოვა, კოტდივუარის პასპორტით კი საქართველოში ვიზის გარეშე ვერ შემოვა, საამისოდ დრო იყო საჭირო, რაც ყაზახებმა ვერ გაითვალისწინეს.
„ტორპედოს“ იმედები
„აქტობესთან“ კონფერენს ლიგის მატჩამდე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტოქეს აგრესიულ ტაქტიკას დაუპირისპირებს.
„მსაჯის სასტვენისთანავე მეტოქეს აგრესიულად, მაღალი ინტენსივობით უნდა შევუტიოთ და ვეცდებით, ყველა მომენტი გამოვიყენოთ. „აქტობეს“ მოთამაშეებზე, მწვრთნელსა და ტაქტიკაზე ყველანაირი ინფორმაცია გაგვაჩნია. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ისეთ შედეგს მივიღებთ, როგორც ვითამაშებთ“, – განაცხადა სტივ კინმა.
ქუთაისელებისთვის კარგი ამბავია, რომ გუნდის კაპიტნის, მერაბ გიგაურის ტრავმა („სარაევოსთან“ დაშავდა) სერიოზულ არ გამოდგა და გამოცდილი ნახევარმცველი „აქტობესთან“ მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
„აქტობეს“ ახალწვეული და დიდი დანაკლისი
ქუთაისში გამოფრენამდე, „აქტობემ“ იჰაბ განაემი დაიმატა. საყრდენი ნახევარმცველი მანამდე ისრაელის ჩემპიონატში, „ბნეი სახნინში“ თამაშობდა. სულ ისრაელის პრემიერლიგაში 107 თამაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. იჰაბ განაემს ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. „აქტობე“ მისთვის პირველი უცხოური კლუბია.
გუნდში დიდი დანაკლისიცაა – ქუთაისელებთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე „აქტობე“ მოულოდნელად მთავარმა ვარსკვლავმა, ფრანგმა ნახევარმცველმა, უგო ვიდემონმა და ლიეტუველმა საყრდენმა, არტურას ჟულპამ დატოვეს.
მოულოდნელი ეს ამბავი იმის გამოა, რომ ვიდემონმაც და ჟულპამაც ყაზახეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში კიზილორდას „ქაისართან“ ითამაშეს, ერთადერთი გოლი კი სწორედ ფრანგმა გაიტანა. „აქტობემ“ 30 წლის ვიდემონი ლიეტუვური „ჟალგირისიდან“ 2022 წელს დაიმატა, ხოლო 33 წლის ჟულპა ყზახეთში 2021 წელს იტალიური „სიენადან“ გადავიდა. სტუმრები იმედოვნებენ, რომ იჰაბ განაემი ლიეტუველ საყრდენს, ჟულპას ჩაანაცვლებს.
„აქტობეს“ 500-მდე ფანი გაამხნევებს
ქუთაისში, „ტორპედოსთან“ მატჩში „აქტობეს“ 500-მდე ყაზახი ქომაგი დაუჭერს მხარს. Meta-ratings.kz-ის ინფორმაციით, „აქტობეს“ გულშემატკივრების ნაწილი ქუთაისში თვითმფრინავებით გამოფრინდნენ, ნაწილიც მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გამოემგზავრნენ.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვის შემთხვევაში „ტორპედოს“ მეტოქე ბულგარული ცსკა-სა და რუმინული „სეპსის“ წყვილის გამარჯვებული იქნება. შეხვედრები 10 (სტუმრად) და 17 აგვისტოს (შინ) გაიმართება.
„დილას“ უკრაინული გუნდის წინააღმდეგ
კონფერენს ლიგაზე 27 ივლისს კიდევ ერთი ქართული გუნდი, გორის „დილა“ ითამაშებს, რომელიც უკრაინულ პოლტავის „ვორსკლას“ გასვლაზე დაუპირისპირდება – შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ტიხიში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.