კონფერენს ლიგაზე თბილისის „იბერიის“ მეტოქემ თურქეთში სეზონი ქულით გახსნა #1TVSPORT
ევროთასებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბის, „იბერიის“ მეტოქე „ბაშაქშეჰირი“ თურქეთის სუპერლიგაში „რიზესფორს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.
ეს იყო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა – შედეგის მიუხედავად, გამოჩნდა, რომ თბილისური კლუბის მეტოქეს დაცვაში დიდი პრობლემები აქვს – პირველ ტაიმში „რიზესფორმა“ სტამბოლელების კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.
39-ე წუთზე ანგარიში „ბაშაქშეჰირის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ფიგუეირედომ გახსნა. 45+6-ე წუთზე კი „რიზესპორმა“ უზბეკი მცველის, ალიკულოვის გოლით წონასწორობა აღადგინა. შესვენების შემდეგ გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვეღარ მოახერხა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია“ „ბაშაქშეჰირთან“ თბილისში 0:1 დამარცხდა. საპასუხო მატჩი სტამბულში 15 აგვისტოს გაიმართება.