კონფერენს ლიგაზე ქართველების მატჩი ხოჭოლავას გუნდმა მოიგო - „გენტმა“ ჩაკვეტაძე დაასვენა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩვენს ყველაზე დიდ ინტერესს ბრატისლავაში გამართული შეხვედრა იწვევდა, რადგან ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი“ (სადაც ქართველები თამაშობენ) დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდა.
ბრატისლავას ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო დანიელების სასტარტო თერთმეტეულში დათა ხოჭოლავა გამოჩნდა. სამივემ შეუცვლელად ითამაშა. მატჩი „კოპენჰაგენმა“ 1:3 მოიგო, ქართველებს გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენიათ.
კონფერენს ლიგაზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ საკუთარ სტადიონზე მიიღო ბელგრადის „პარტიზანი“ და 0:2 დამარცხდა. კვიპროსელთა კარში გიორგი ლორია იდგა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ნიკა კაჭარავამაც ითამაშა – 27 წლის თავდამსხმელი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნიკა ნინუა სათადარიგოებში იჯდა.
თელ-ავივის „მაკაბიმ“ 4:1 დაამარცხა „ალაშკერტი“, სადაც მე-40 წუთიდან მოედანზე შევიდა დავით ხურციძე, რომელიც აქამდე მუდამ სომხეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. ტალინში „ფლორა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა „გენტმა“ – ბელგიელთა განაცხადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, მაგრამ არ უთამაშია.