კონფერენს ლიგა | „ტორპედო“ კვიპროსში „ომონიასთან“ დამარცხდა - საპასუხო შეხვედრა პირველ აგვისტოს ქუთაისში გაიმართება #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ნიქოზიაში კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, „ომონიას“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის მცირე შანსი დარჩა.
კვიპროსში „ტორპედოს“ მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მამადუ სახომ. ქუთაისელების პორტუგალიელმა ლეგიონერმა, პედრო მონტეირომ კი ქუთაისელთა რიგებში ბოლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ის კარიერის ინდონეზიაში გააგრძელებს.
კვიპროსული კლუბი უპირატესობას ფლობდა და ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა – კუთხურის გათამაშების შემდეგ „ომონიას“ მალელმა მცველმა, სენუ კულიბალიმ ქუთაისელ მცველებს დაასწრო და ახლოდან თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს და 72-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. შეცვლაზე შესული ცოტნე ფაცაციას წამოწყებული შეტევა ბიორნ იონსენმა ეფექტური პასით გააგრძელა, მომო იანსანემ კი ზუსტად დაარტყა – 1:1.
მაგრამ სამ წუთში „ტორპედოს“ დაცვა ისევ „ჩავარდა“. სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ სენუ კულიბალიმ დუბლი შეასრულა და კვიპროსელები მეორედ დააწინაურა. 84-ე წუთზე კი საჯარიმოსთან ბურთი ევანდრომ მიიღო, მას ხელი ვერავინ შეუშალა და ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
კონფერენს ლიგაზე საპასუხო შეხვედრაში „ტორპედო“ „ომონიას“ პირველ აგვისტოს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს.