კონფერენს ლიგა | სტივ კინი - „ომონიასთან“ ყველაფერი ქუთაისში გადაწყდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კომენტარი გააკეთა ნიქოზიაში „ომონიასთან“ გამართულ კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელი 1:3 დამარცხდა.
„მძიმე პირველი ტაიმი გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სულ სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ყველაზე არასასურველ მომენტში გავუშვით.
მამადუ სახომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო ის წუთები, რომელიც მან მოედანზე გაატარა. ვარჯიშებზე სულ უფრო უმატებს და მალე სასურველ ფიზიკურ ფორმაში იქნება.
არ ვიცი, რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც ჩვენ მიერ გატანილი ბურთის შემდეგ ტრიბუნებზე ხდებოდა. ასეთ დროს თამაში შეუძლებელია, მაგრამ მსაჯმა მატჩი გააგრძელა და მალე მეორე გოლიც მივიღეთ.
ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა და ვიცით, რომ ამ წაგებით არაფერი მთავრდება – ქუთაისში ჩვენს ქომაგებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია, მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მინდა, ვუთხრა, რომ აუცილებლად სჯეროდეთ ამ გუნდის. შევხვდებით ერთ კვირაში ქუთაისში, მადლობა“.
„ტორპედო“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ომონიას“ პირველ აგვისტოს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს, შუალედში კი 28 ივლისს საქართველოს თასზე „დინამო თბილისი 2“-ს დაუპირისპირდება.