კონფერენს ლიგა - ქუთაისის „ტორპედომ“ გასვლაზე „ტირანა“ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე „ომონიას“ შეხვდება  [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ტირანას“ ალბანეთში ესტუმრა, 1:0 დაამარცხა და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც პირველი ეტაპის ბარიერი დაძლია.

სტივ კინის გუნდის უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ქუთაისში პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა და შემდეგ წრეში გასასვლელად გუნდებს მხოლოდ მოგება აწყობდათ.

ქუთაისელებმა თამაში ისე კარგად დაიწყეს, ყველაზე კარგ სცენარში რომ ისურვებდნენ: მე-3 წუთზე გიგი მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა ერთი შეხებით დააგვირგვინა და „ტორპედომ“ ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ „ტირანა“ თამაშის გამოსწორებას და გადარჩენას ცდილობდა, ბურთის გაკონტროლება შეძლო და „ტორპედოს“ დიდი ძალებით უტევდა.

90-ე წუთზე ქუთაისელებმა რეალური საგოლე მომენტი ისევ იონსენის აქტიურობით შექმნეს – ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა და შესანიშნავი შანსი გაანიავა. იონსენს შანსი დამატებულ დროშიც ჰქონდა, მაგრამ კარს მეორედაც ააცილა.

„ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე საკამოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს, კვიპროსის „ომონიას“ შეხვდება – 25 ივლისს მეტოქეს კვიპროსში ესტუმრება, ხოლო პირველ აგვისტოს ქუთაისში მიიღებს.