კონფერენს ლიგა პირველ არხზე - დღეს „დილა“ „აპოელს“ შეხვდება #1TVSPORT
დღეს, 17 აგვისტოს გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში კვიპროსული „აპოელს“ დაუპირისპირდება.
განმეორებითი მატჩს ევროტურნირზე შემორჩენილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იმ იმედით ელის, რომ თბილისში წაგებისთვის რევანშს აიღებს და პლეი ოფის ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „აპოელში“ ორი ქართველი – ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.
ნიქოზიას GSP-ს სტადიონზე „დილას“ ურთულესი ამოცანის შესრულება მოუწევს. ანდრეი დემჩენკოს გუნდი „დინამო არენაზე“ 0:2 დამარცხდა და, ცხადია, უპირატესობა კვიპროსელების მხარესაა, მაგრამ გორელების უკრაინელი მწვრთნელი მაინც იმედოვნებს, რომ მოიფიქრებს იმ გეგმას, რომელიც მეტოქის დამარცხებაში დაეხმარება.
გორელები უკვე კვიპროსში არიან. გამგზავრებამდე „დილა“ გორში არსებულ მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის საკვირაო სკოლას ესტუმრა, სადაც ფეხბურთელებმა ბავშვებთან ისაუბრეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები დაარიგეს.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ და „აპოელის“ წყვილის გამარჯვებული პლეი ოფში ბელგიური „გენტისa“ და პოლონური „პოგონის“ დაპირისპირებაში უძლიერესს შეხვდება. თუმცა, ამ წყვილის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია – პირველი მატჩი ბელგიელებმა 5:0 მოიგეს.
გორელების ინიციატივით, გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება, მატჩი გორის თეატრის ბაღში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე იხილონ. „აპოელისა“ და გორის „დილას“ მატჩი 17 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.