კონფერენს ლიგა | „პარტიზანის“ მწვრთნელი - „იბერიას“ ტირანაში სულ სხვა ატმოსფეროს დავახვედრებთ #1TVSPORT
ტირანას „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ორგეს შეჰმა კომენტარი გააკეთა თბილისში „იბერიასთან“ კონფერენს ლიგის პირველი შეხვედრის წაგებაზე (0:2) და საკამათო მოსაზრებები გამოთქვა. შეჰს პრეტენზია ჰქონდა მსაჯის მიმართ, რომელმაც, მისი აზრით, ალბანელთა მოთამაშე დაუმსახურებულად გააძევა. „იბერიის“ უპირატესობის მიუხედავად, ალბანელთა მწვრთნელი ამტკიცებდა, რომ მისი გუნდი უკეთ გამოიყურებოდა.
„იმ მომენტიდან, როცა რაპაის წითელი ბარათით აჩვენეს, არანაირი სხვაობა გუნდებს შორის არ ყოფილა, მეტიც, მიმაჩნია, რომ „პარტიზანმა“ „იბერიაზე“ უკეთ ითამაშა. ჩვენი ფეხბურთელების შეცდომის გამო პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანით დაგვსაჯეს. ეს გარდამტეხი მომენტი იყო, რომლის აცილებაც შეიძლებოდა, მაგრამ მეტოქემ ამ შანსით ისარგებლა.
47-ე წუთიდან 10 მოთამაშით დავრჩით და ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა მეტოქისთვის დაგვეპირისპირებინა. ასეთ დროს ყველაზე მისაღები ტაქტიკა კონტრშეტევაზე თამაშია. შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვიმედოვნებთ, რომ საპასუხო მატჩში შანსებით ვისარგებლებთ.
მიმაჩნია, რომ მსაჯს გარკვეულ ეპიზოდებში სხვაგვარი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო – ჩვენ თუ დაგვსაჯა, იმავეს „იბერიის“ ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ, მაგრამ არბიტრმა მათ მოთამაშეს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა.
საპასუხო მატჩს ტირანაში გავმართავთ და ვიცით, რომ გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა გვექნება. სრულიად სხვაგვარი თამაში იქნება, „იბერიას“ განსხვავებულ ატმოსფეროში დავხვდებით. იმედია, ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარება“, – განაცხადა „პარტიზანის“ მწვრთნელმა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „იბერია“ „პარტიზანთან“ პირველ აგვისტოს ტირანაში გამართავს. მანამდე კი, 28 ივლისს გუნდი საქართველოს თასზე „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.