კონფერენს ლიგა | „ომონიას“ მწვრთნელი - „ტორპედოსთან“ მოგება მახარებს, მაგრამ ქუთაისში რთული მატჩი გველის #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი მატჩის მოგების (3:1) შემდეგ „ომონიას“ მწვრთნელმა, ვალდას დაბრაუსკასმა კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ქუთაისში საპასუხო შეხვედრასაც წარმატებით ჩაატარებს.
„პირველი ოფიციალური მატჩი იყო და მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ. ბედნიერები ვართ შედეგით და თამაშის ხარისხით. ვფიქრობ, შეიძლებოდა, უფრო დიდი ანგარიშიც ყოფილიყო.
პირველ ტაიმში რამდენჯერმე აღმოვჩნდით მეტოქის კართან, მაგრამ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ. მეორე ნახევარში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თამაშის რიტმი და ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. ზოგიერთ სათამაშო რგოლში გაძლიერება გვჭირდება. აგრესიულად მოთამაშე მეტოქეს შეუძლია, ზიანი მოგვაყენოს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ – საპასუხო შეხვედრას სრული მობილიზებით უნდა შევხვდეთ.
ჩემი პოზიცია ასეთია – როდესაც „ომონიას“ მაისურს იცვამ და ამ გუნდში თამაშობ, ყოველთვის გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა გქონდეს. საპასუხო შეხვედრაში დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა“.
„ტორპედო“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ომონიას“ პირველ აგვისტოს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს, შუალედში კი 28 ივლისს საქართველოს თასზე „დინამო თბილისი 2“-ს დაუპირისპირდება.