კონფერენს ლიგა | მომო იანსანე - ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემ მიერ გატანილი ბურთის შემდეგ „ომონიას“ ფანებმა გააკეთეს #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | მომო იანსანე - ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემ მიერ გატანილი ბურთის შემდეგ „ომონიას“ ფანებმა გააკეთეს #1TVSPORT

მომო იანასემ კონფერენს ლიგაზე „ომონიასთან“ წაგებულ (1:3) პირველ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი, რომელშიც ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულმა, 26 წლის გვინეელმა ფორვარდმა ქართული გუნდის სახელით სადებიუტო გოლი გაიტანა.

„სადებიუტო მატჩში გოლი სასიხარულოა, თუმცა, ცხადია, შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნები. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემ მიერ გატანილი ბურთის შემდეგ ხდებოდა – გულშემატკივრის მხრიდან მსგავსი ქმედება ფეხბურთს არ უხდება, ასეთ პირობებში თამაში წარმოუდგენელია.

დავმარცხდით, მაგრამ წინ მეორე მატჩია. დარწმუნებული ვარ, ქუთაისში სავსე ტრიბუნების ფონზე განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია“.

მომო იანსანე „ტორპედოში“ ივნისში ჩაირიცხა და ქუთაისურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდს ხორვატიის ჩემპიონატის მეორეადგილოსან „რიეკიდან“ შეუერთდა, მანამდე კი მოლდოვურ „შერიფში“ თამაშობდა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა და ევროპა ლიგებზე ითამაშა და სამი გოლი გაიტანა. „ტორპედოს“ ახალწვეულს ნათამაშები აქვს გვინეის 20-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო 2022 წელს ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი.

„ტორპედო“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ომონიას“ პირველ აგვისტოს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს, შუალედში კი 28 ივლისს საქართველოს  თასზე „დინამო თბილისი 2“-ს დაუპირისპირდება.