კონფერენს ლიგა - კვეკვესკირმა დაისვენა, ვოლკოვმა „პარტიზანთან“ ითამაშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელების კლუბებმაც ითამაშეს.
პოზნანის „ლეხმა“ შინ სლოვაკეთის გუნდი, ტრნავას „სპარტაკი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. 46-ე წუთზე ანგარიში მარჩვინსკიმ გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე მისი გადაცემით ველდემ „ლეხის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე ტრნაველთა მოთამაშე სტეტინამ დააფიქსირა. ნიკა კვეკვესკირი პოლონელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანული „საბაჰში“ ითამაშა, რომელმაც ბელგრადის „პარტიზანი 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა და გუნდმაც გოლები ამის შემდეგ გაიტანა. 69-ე წუთზე ისაევმა პენალტი გააფუჭა და გუნდის დაწინაურების რეალური შანსი გაანიავა, მაგრამ ერთ წუთში ლეტიჩმა ანგარიში გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე ისაევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
„საბაჰის“ და „პარტიზანის“ დაპირისპირებისას მოედანზე კიდევ ერთი ქართველი იყო – უეფა-მ ამ შეხვედრის განსჯა გიორგი ყრუაშვილს მიანდო.