კონფერენს ლიგა | „იბერიამ“ „პარტიზანი“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიამ“ ალბანურ გუნდს, ტირანას „პარტიზანს“ უმასპინძლა, დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და მესამე ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში „იბერიამ“ პირველივე წუთებიდან შეუტია. უკვე მე-5 წუთზე მსაჯი ვალდებული იყო, ალბანელთა კარში პენალტი დაენიშნა, როდესაც იური ტაბატაძე საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ რუმინელმა არბიტრმა თამაშის გაგრძელებისკენ მიუთითა.
„იბერიამ“ ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა. შეიკნე სილას წამოწყებული შეტევა გიორგი კოხრეიძემ გააგრძელა და საჯარიმოში გიზო მამაგეიშვილი მონახა, რომელიც მეკარემ მოცელა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და თბილისელები დააწინაურა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ტირანა“ კაცნაკლული დარჩა – 47-ე წუთზე უხეშობითვის არბიტრმა არინალდო რაპაის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. ამით „იბერიამ“ სწრაფად ისარგებლა – კონტრშეტევაზე გიორგი ჯინჯოლავამ შეიკნე სილას საგოლე პასი მიაწოდა, მან კი თბილისელების უპირატესობა გაზარდა – 2:0.
66-ე წუთზე სილა მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ პანო ქირკოს ვერ აჯობა და მშვენიერი შანსი გაანიავა. 72-ე წუთზე კი ფლანგური გადაცემის შემდეგ გოლის გატანის შესაძლებლობა იური ტაბატაძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ისევ საიმედოდ ითამაშა და საბოლოოდ ანაგრიში აღარ შეცვლილა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „იბერია“ „პარტიზანთან“ პირველ აგვისტოს ტირანაში გამართავს.