კონფერენს ლიგა | „იბერია“ „ბაშაქშეჰირთან“ დამარცხდა - საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება #1TVSPORT
„იბერიამ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თურქული „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, რომელიც „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართა, თბილისელებმა ძლიერ თურქულ კლუბს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც მთავარია, იბრძოლეს და არ შეუშინდნენ, მაგრამ სტამბოლელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს.
სტუმრებმა დასაწყისში ბურთის გაკონტროლება მოახერხეს და მომენტები შექმნეს. „იბერიას“ კი ანგარიშის გახსნა კონტრშეტევაზე შეეძლო, როდესაც შეიკნე სილას მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ერთ ეპიზოდში სტუმართა თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გიორგი მაკარიძემ თბილისელები აშკარა გოლს გადაარჩინა.
სახიფათო მომენტები გუნდებმა მეორე ნახევრის დასაწყისშიც შექმნეს. განსაკუთრებით სახიფათო გიორგი ჯინჯოლავას დარტყმული გამოდგა, რომელსაც მეკარე გადაეღობა და „ბაშაქშეჰირი“ გადაარჩინა. ამის შემდეგ თურქებმა შეუტიეს და რეალური მომენტები შექმნეს, მაგრამ მაკარიძე საიმედოდ თამაშობდა. თუმცა 87-ე წუთზე სტუმართა ბრაზილიელი ლეგიონერი დავიდსონი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიშიც გახსნა.
დარჩენილ დროში „იბერიამ“ შეუტია, მაგრამ ანგარიში ვეღარ გაათანაბრა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.