კონფერენს ლიგა | გორის „დილამ“ „დუნაისკა სტრედა“ დაამარცხა და მეორე ეტაპზე ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში გორში „დილამ“ „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ჯერჯერობით პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
სლოვაკეთში 1:2-ის წაგების შემდეგ გორელებს მხოლოდ მოგება აწყობდათ. „ბურჯანაძე არენაზე“ მატჩი ანდრეი დემჩენკოს გუნდმა შეტევებით დაიწყო, მეტოქეს სჯობდა და მომენტებსაც ქმნიდა. 31-ე წუთზე ტიერი გეილის შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ „დუნაისკას“ მეკარემ გუნდი გადაარჩინა.
თუმცა, მან მიზანს ორ წუთში მაინც მიაღწია, როდესაც თორნიკე ძოწენიძემ შესანიშნავი გადაცემით გეილი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ბარბადოსელმა თავდამსხმელმა „დილა“ დააწიანურა – 1:0. ამის შემდეგ „დუნაისკა სტრედამ“ შეუტია და ზედიზედ ორჯერ სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ „დილას“ მეკარე ლიტოვჩენკომ საიმედოდ ითამაშა და გორელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში გორის „დილას“ მეორე გოლის გატანაც შეეძლო – სლოვაკების მეკარის წინ ოთარ ფარულავა დარჩა, მაგრამ სამუელ პეტრაშმა „დუნაისკა“ აშკარა გოლისგან იხსნა. 72-ე წუთზე თამაში დროებით შეწყდა, რადგან შუქი ჩაქრა. თუმცა, პრობლემა მალე მოგვარდა და თამაში განახლდა.
გორელები უტევდნენ და 85-ე წუთზე მიზანს ისევ მიაღწიეს. გულშემატკივრები მეორედ ალეფ სანტოსმა გაახარა – „დილას“ კაპიტანმა საჯარიმოს სიახლოვიდან უძლიერესად დაარტყა და გორელების უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.