კონფერენც ლიგაზე ბათუმელები მეტოქეს თამაშების გაცვლაზე შეუთანხმდნენ #1TVSPORT
კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ გაუმართლა და უეფა-ს ოფისში გამართულ წილისყრაზე ქართული გუნდებისგან განსხვავებით ყველაზე სუსტ მეტოქეს, სან მარინოს „ტრე პენის“ დაუპირისპირდება.
თამაშების განრიგი კი შეიცვალა. უეფა-ში გამართული წილისყრის შემდეგ ცნობილი იყო, რომ პირველი მატჩი საქართველოს ვიცე-ჩემპიონს 8 ივლისს, ბათუმის ახალ არენაზე უნდა გაემართა, ხოლო განმეორებითი 15 ივლისს – სან მარინოში.
ბათუმის „დინამო“ პრესსამსახურის უფროსმა, ბესიკ ჩიბურდანიძემ განაცხადა, რომ გუნდებმა მასპინძლობის უფლება გაცვალეს. ამ შეთანხმების მიხედვით, კონფერენც ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის მასპინძლები 8 ივლისს სან მარინოელები იქნებიან, ხოლო 15 ივლისს – „დინამო“ მეტოქეს ბათუმის ახალ არენაზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ამ „ტრე პენის“ დამარცხების შემთხვევაში, გაი გეგუჩაძის გუნდი ბელარუსის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, „ბატეს“ დაუპირისპირდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს დაიგეგმა.