„კოლხეთში“ საკადრო სიახლეებია - გუნდი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა და ოთხი ახალი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპის დაწყებამდე ფოთი „კოლხეთი“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, – ინფორმაციას Transfermarkt ავრცელებს.
„კოლხეთთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ კლუბში გადავა 25 წლის მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი, რომელსაც საქართველსო ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ასევე მოხდა 32 წლის მცველის, დავით მეგრელიშვილის შემთხვევაში.
მათთან ერთად, ფოთის „კოლხეთი” ორ ფრანგ ლეგიონერსაც შეელია. ესენი არიან 23 წლის მცველი სამუელ ბილ კამგა და 25 წლის მარჯვენა მცველი იაია ტურე. თუმცა, ჯერ არც ერთ მათგანს ახალ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.
გერმანული სამენეჯერო პორტალის ცნობით, „კოლხეთმა“ ოთხი მოთამაშეც დაიმატა – ორმაგი მოქალაქეობის მქონე (საფრანგეთი-სენეგალი) 23 წლის ცენტრალური მცველი მუჰამადუ კონატე და 18 წლის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი დიე საიდუ.
მათ გარდა, ფოთელებმა „დინამო თბილისიდან“ ნახევარმცველი ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი მიიწვიეს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე იყო, მაგრამ თბილისურ კლუბში თავის გამოჩენის შანსი არ ეძლეოდა. გუნდის მეორე ახალწვეულიც „დინამოს“ აღზრდილი, 22 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ ერაძეა, რომელიც ბოლოს ხობის „კოლხეთში“ თამაშობდა.