„კოლხეთმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა - „გაგრა“ კვლავ უქულოდ დარჩა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ მესამე ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და ეროვნულ ლიგაში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
სტადიონის პრობლემების გამო, „კოლხეთმა“ მეტოქეს არა „ფაზისის“ არენაზე, არამედ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლა. ფოთელმა გულშემატკივრებმა მცირე ტევადობის (350-ადგილიანი) ტრიბუნები შეავსეს.
თამაში უკეთ „გაგრამ“ დაიწყო და 31-ე წუთზე დაწინაურდა. გიორგი ლომთაძემ საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და გოლი ინდივიდუალური მოქმედებით გაიტანა. „კოლხეთმა“ ანგარიში ტაიმის ბოლომდე გაათანაბრა – 43-ე წუთზე დავით მეგრელიშვილის შორეული დარტყმის მოგერიება ლევან კაკუბავამ სცადა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ფოთელებმა გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე გაიტანეს. მოედნის ცენტრში წამოწყებული იერიში გიორგი მელქაძემ მარჯვენა ფლანგზე დემეტრე გვასალიას გაუგრძელა, მან კი კარის წინ ლაშა კოხრეიძე მოძებნა, რომელმაც მეკარესა და მცველს დააასწრო.
სამი ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ 4 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ უქულოდ დარჩა და ბოლო, მეათე პოზიციაზეა.