ფოთის ,,კოლხეთი 1913”-ში იაროსლავ კვასოვი ჩაირიცხა. კლუბის პრეს-ატაშის, გია ეჯიბიას იინფორმაციით, 26 წლის უკრაინელი თავდამსხმელი კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
დონეცკის ,,ოლიმპიკის” გაზრდილმა ფეხბურთელმა კარიერა ლუგანსკის ,,ზორიაში” დაიწყო, სადაც 2011-16 წლებში გამოდიოდა, მაგრამ დუბლშემადგენლობის ფეხურთელი გახლდათ. 2014-15 წლებში ესტონეთში, სილემაიეს “კალევში” გადავიდა, სადაც კარგი შედეგიანობა აჩვენა – 66 მატჩში 31 გოლი გაიტანა.
ასეთივე ბომბარდირული თვისებებით თავი ბათუმის ,,დინამოში” ვერ გამოიჩინა, სადაც 2017 წელი გაატარა – უკრაინელმა თავდამსხმელმა 33 მატჩში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა, დეკემბერში კი კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.
კვასოვი ფოთელებს 6-ე ტურიდან დაეხმარება, როცა გუნდი თბილისში ,,რუსთავის” წინააღმდეგ ითამაშებს: პარასკევს, 13 აპრილს, მატჩი ”მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე დაიწყება.