„კოლხეთისა“ და „სამგურალის“ უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და უხვგოლიანი შეხვედრა ბოლოს გატანილი გოლებით გადაარჩინა – 3:3.
ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში თამაში „სამგურალმა“ ძალიან კარგად დაიწყო და შესვენებამდე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა: მე-3 წუთზე ანგარიში ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ალექსანდრე ვერულიძემ გაზარდა.
ფოთის „კოლხეთმა“ მატჩის 57-ე წუთზე გიორგი ხარებავას ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, ლუკა ხორხელმა (67-ე წუთზე) წყალტუბოელების უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა და, ერთი შეხედვით, „კოლხეთი“ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„კოლხეთმა“ თამაში მაინც გადაარჩინა – მატჩის გმირი ახალგაზრდა თავდამსხმელი გიგი აბუაშვილი გახდა. მან 70-ე წუთზე ბრწყინვალე გოლით სხვაობა ისევ შეამცირა, ხოლო 83-ე წუთზე ფოთელებს ქულა მოუტანა.
„კოლხეთი“ 14 ქულით მე-6 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამგურალი” (10) მე-9 პოზიციაზე დარჩა.