„კოლხეთი“ და „დინამო” რუსული გამოცემის ინფორმაციას აბსურდს უწოდებენ
ქართული გუნდები არ აპირებენ რუსული ინტერნეტ-გამოცემა „championat.com“-ის ცნობის კომენტირებას, სადაც გარიგებულ შეხვედრაზეა ლაპარაკი.
გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის მე–17 ტურში ფოთის „კოლხეთისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მსვლელობისას, კომპანია bwin-ში, როდესაც „კოლხეთი“ 1:0-ს იგებდა, „დინამოს“ სასარგებლოდ ანომალურად დიდი რაოდენობით ფსონების დადება დაიწყო. განსაკუთრებით ბევრი ფსონი სტუმართა 1,5 და 2,5-იანი ფორით მოგებაზე დაიდო. საბოლოოდ, „დინამომ“ 6:3 მოიგო, თბილისელებმა კი ბოლო 8 წუთში 3 გოლი გაიტანეს.
პირველი არხი გუნდებს კომენტარისთვის დაუკავშირდა. თუმცა, ორივე მათგანის პრეს-სამსახური მოკლე პასუხით შემოიფარგლა.
„ესაა უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდება, რომელზეც კლუბი არანარაირ კომენტარს არ გააკეთებს“ – გვითხრეს „დინამოს“ პრეს-სამსახურში.
კოლხების კომენტარიც ანალოგიური იყო: „ეს ინფორმაცია სრული აბსურდია და მოუწევთ იმის დამტკიცება, რასაც გვაბრალებენ“.