კოხრეიძის დუბლით - ლიდერის, „დილას“ გასვლაზე დამარცხებით „იბერია“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. ფოთის „კოლხეთმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენამ“ უმასპინძლა – გათამაშების ლიდერმა „დილამ“ მესამეადგილოსანი „იბერია“ მიიღო და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
თბილისელებმა თამაში შესანიშნავად ჩაატარეს და პირველივე ნახევარი სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მე-18 წუთზე ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 28-ე წუთზე შეტევა გიზი მამაგეიშვილმა დააგვირგვინა (ორივეჯერ ასისტი იური ტაბატაძემ შეასრულა), ხოლო ორ წუთში შორეული დარტყმით კოხრეიძემ დუბლი ჩაიწერა.
გორის „დილა“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და ისიც 87-ე წუთზე – მასპინძლების შეტევის ჩაშლის მცდელობისას, თბილიელთა მცველმა ცოტნე კაპანაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
ამ მოგებით „იბერიამ“ 42 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედოს“ (41) გადაასწრო და ლიდერ გორის „დილასთან“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.