კოხრეიძე ზაგრების „დინამოსთან” მატჩს არ გამოტოვებს - ხორვატიის ჩემპიონი ბევრად ძლიერია, ვიდრე „შერიფი“
კოხრეიძე ზაგრების „დინამოსთან” მატჩს არ გამოტოვებს - ხორვატიის ჩემპიონი ბევრად ძლიერია, ვიდრე „შერიფი“
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე ზაგრების „დინამოსთან“ მოახლოებულ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
თუმცა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ჩვეულებრივად ემზადება და თამაშის უფლება აქვს.
„ტირასპოლის „შერიფთან“ პირველ შეხვედრაში უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გავედით მინდორზე, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. როგორც ჩანს, მეტოქემ არ დაგვაფასა სათანადოდ. თბილისურ შეხვედრაში სულ სხვა „შერიფი“ ვიხილეთ, რომელმაც თავისი ძალა დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშით 0:3 ვაგებდით, გამოვნახეთ ძალები და მატჩის ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულება მოვახერხეთ. რის ხარჯზე შევძელით შემდეგ ეტაპზე გასვლა? უფრო მონდომებულები და მოტივირებულები ვიყავით, ვიდრე მოწინააღმდეგე. ბევრი ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და დაგვიფასდა. ჩვენთან შედარებით „შერიფი“ გამოცდილი კლუბია, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენ უკეთესად მოვემზადეთ და მეორე ეტაპზე დამსახურებულად გავედით“, – ამბობს კოხრეიძე.
რამდენიმე დღეში „საბურთალოს“ მორიგი გამოცდის ჩაბარება უწევს. ამჯერად მეტოქე ბევრად ძლიერია – ზაგრების „დინამო“. საქართველოს ჩემპიონის ერთ-ერთმა ლიდერმა ხორვატებთან მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა: „ხორვატული გუნდი „შერიფზე“ ძლიერია. „დინამო“ ისტორიული და ბევრად გამოცდილი კლუბია, სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ, დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“.