კოხრეიძე ესპანეთში გაფრინდა - თავდამსხმელი „საბურთალოს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება
კოხრეიძე ესპანეთში გაფრინდა - თავდამსხმელი „საბურთალოს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება

„საბურთალოს“ კაპიტანი და ლიდერი გიორგი კოხრეიძე, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო კურსს გადის, ესპანეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„კოხრეიძე ევროპაში ორი კვირა დარჩება, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის, 8 თებერვალს კი გუნდს თურქეთში, შეკრებაზე შეუერთდება. ექიმების განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კოხრეიძე მოედანს მარტის თვეში დაუბრუნდება“, – წერია „საბურთალოს“ გავრცელებულ ცნობაში.

გიორგი ეროვნული ლიგის გასული სეზონის გათამაშების დროს დაშავდა. 18 ივლისს გამართულ მე-6 ტურის მატჩში, თბილისის დერბიში „ლოკომოტივთან“ „საბურთალოს“ თავდამსხმელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ნახევარი წელი გაუცდა.

პირველ სექტემბერს გიორგი კოხრეიძემ ოპერაცია ესპანეთში გაიკეთა და სარეაბილიტაციოდ სამი თვე დარჩა. წელს ის გუნდის კაპიტნად აირჩიეს და ამ როლში გაგი მარგველაშვილი შეცვალა, რომელიც უნგრულ „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა.