კობიაშვილმა უეფა-ს აღმასკომში არჩევაზე ისაუბრა - მაქსიმუმს გავაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის #1TVSPORT
ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა უეფა-ს აღმასკომის წევრად არჩევის თაობაზე. ლისაბონში გამართულ უეფა-ს 47-ე კონგრესსზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არჩევას 40 დელეგატმა მისცა ხმა.
კობიაშვილი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ალექსანდრ ჩეფერინი იყო, რომელიც ორგანიზაციას მესამე ვადით უხელმძღვანელებს. უეფა-ს პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით აირჩიეს.
„ძალიან ბედნიერი დღეა ჩემთვის, მიხარია, რომ მხარი დამიჭირეს და უეფა-ს აღმასკომის წევრად ამირჩიეს. უპირველესად, მადლობა მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, ვინც მხარი დამიჭირა. ასევე, იმ ადამიანებს საქართველოში, ვინც მგულშემატკივრობდნენ.
ეს თითოეული ჩვენგანის წარმატებაა, რადგან, პირველად ისტორიაში, ქართველი უეფა-ს აღმასკომის წევრი გახდა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.
მაქსიმუმს გავაკეთებ, უპირველესად, უეფა-სა და ევროპული ფეხბურთისთვის და, ცხადია, ქართული ფეხბურთისთვის, ვინაიდან ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ვისარგებლებ შემთხვევით და უეფა-ს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას ვულოცავ ალექსანდრე ჩეფერინის. მიხარია, რომ მეც მისი გუნდის წევრი ვარ და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც წლების წინ დაიწყო“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.