კობიაშვილმა კვარაცხელიაზე ისაუბრა - ბედნიერებაა, გვყავდეს ასეთი მოთამაშე, მაგრამ ყველაზე მეტად სიმშვიდე და კონცენტრაცია სჭირდება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლაზე „ნაპოლიში“ – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ ჯერ იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ დაასახელა, ხოლო დღეს სერია A-ს გამოკითხვაშიც გაიმარჯვა.
„ვიცი, რომ დღეს ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ზოგადად, მიხარია ის, რაც ხვიჩას გარშემო ხდება. არა მარტო ჩემთვის, როგორც სფფ-ს ხელმძღვანელისთვის, თითოეული ქართველი გულშემატკივრისთვის ბედნიერებაა, გვყავდეს ასეთი მოთამაშე.
თუმცა, მე ყოველთვის ვეცდები ვიყო მოზომილი – ემოცია კარგი და გასაგებია. მაგრამ ვისურვებდი და ყველას ვთხოვ, რომ მივცეთ ამ ბიჭს საშუალება, რომ განვითარდეს. მესმის, რომ ყველას გვიხარია, მასთან კომუნიკაცია ყველას გვინდა.
მაგრამ ხვიჩას დღეს ყველაზე მეტად რაც ახლა სჭირდება, ესაა სიმშვიდე, დრო და კონცენტრაცია. ეს საშუალებას მისცემს, რომ იფიქროს ხვალინდელ დღეზე, თამაშზე, ვარჯიშზე. უბრალოდ, ყველას მინდა ვთხოვო – ვისიამოვნოთ მისი თამაშით.
მერწმუნეთ, ასე ხვიჩა არა მარტო დღეს, არამედ, მომდევნო წლებში ბევრ სიხარულს და ბედნიერებას მოგვიტანს. უბრალოდ, სჭირდება მეტი თავისუფალი დრო და თამაშზე კონცენტრაცია. ვაცალოთ ამ ახალგაზრდას და ჩვენ მისი თამაშით ბედნიერები ვიქნებით“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.