კობიაშვილმა ევრო 2023-ის სამზადისზე ისაუბრა - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში უეფა-ს წარმომადგენელთა ვიზიტზე.
უეფა-ს სპეციალური ჯგუფი 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებასა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. სტუმრებმა ქუთაისის რამაზ შენგელიასა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
„უეფა-ს ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. დღეს ისინი აქ იმყოფებიან, რომ პირადად დაათვალიერონ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში მიმდინარეობს.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, უეფა-ში მიმდინარე სამუშოებზე სრულ ინფორმაციას ფლობენ, ახლა ადგილზეც ეცნობიან მდგომარეობას. მთავარი პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტურა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს საორგანიზაციო საკითხები, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს.
მთლიანობაში ჩვენც და დელეგაციის წევრებიც მიმდინარე მდგომარეობით კმაყოფილნი ვართ. მჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება. იმედი მაქვს, სპორტული შედეგიც ისეთი იქნება, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით“, – აცხადებს სფფ-ის პრეზიდენტი.
21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მატჩები თბილისში („დინამო არენასა“ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე), ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ჩემპიონატის ფინალი 8 ივლისს, ბათუმის სტადიონზე გაიმართება.