კობიაშვილი და მუჯირი ფიფა-ს პროექტს გაეცნენ - ონლაინ-სამიტს არსენ ვენგერი უძღვებოდა​ #1TVSPORT
კობიაშვილი და მუჯირი ფიფა-ს პროექტს გაეცნენ - ონლაინ-სამიტს არსენ ვენგერი უძღვებოდა​ #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი ფიფა-ს ორგანიზებულ ონლაინ-სამიტში მონაწილეობდნენ, რომელშიც ორგანიზაციის წევრი ასოციაციების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა, სხვა მონაწილეებთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებისგან მიიღეს ინფორმაცია ფეხბურთის განვითარების ახალი კონცეფციის შესახებ.

უფრო კონკრეტულად, ფიფა-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა და ქალთა ფეხბურთის განვითარების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯილ ელისმა წევრ ასოციაციებს სანაკრებო და ახალგაზრდული ტურნირების ახალი კალენდრის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინეს.

ონლაინ-სამიტის ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ არსებული საერთაშორისო სანაკრებო კალენდარი 2023-2024 წლამდეა გათვლილი. საერთაშორისო ფეხბურთში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ პირველ მოხსენებას მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მიმდინარე წლის ნოემბერში წარმოადგენს.

„პროგრესირებადი საშეჯიბრო დისბალანსი, მოთამაშეებისთვის სავალდებულო დასვენების პერიოდების არარსებობა, გადაჭარბებული მოგზაურობა და მატჩები საფრთხეს უქმნის მოთამაშეთა ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საკლუბო შეჯიბრებებს ასევე ხელს უშლის ეროვნულ ლიგებში მუდმივი შეფერხებები. ესენია ძირითადი თემები, რომელსაც ფიფა ამ კონსულტაციის პროცესში განიხილავს. ბოლო წლების განმავლობაში, ქალთა ფეხბურთის პროგრესმა (ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს მილიარდიანი აუდიტორია ჰყავდა) და მოთამაშეთა საერთაშორისო ტრანსფერების ზრდამ კიდევ უფრო გაამძაფრა იგივე პრობლემები, რასაც ქალები საერთაშორისო თამაშებში აწყდებიან“, – წერია ფიფა-ს განცხადებაში.

ფიფა-მ აიღო ვალდებულება გადახედოს მამაკაცთა, ქალთა და ახალგაზრდული ნაკრებების შეჯიბრების სიხშირეს მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში ფიფას 71–ე კონგრესზე ფიფა-ს 166 წევრმა ასოციაციამ მხარი დაუჭირა ტექნიკურ-მიზნობრივი კვლევის დაწყებას. საქმე ისაა, რომ ფიფა-ს მეცნიერულ დონეზე სურს შეისწავლოს, კაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება რა შესაძლო გავლენას მოახდენს ფეხბურთელებზე.

ფიფა-ს გრძელვადიანი მიზანი, რომელსაც ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ასაჯაროებს, შემდეგია – მამაკაცთა და ქალთა 50 ეროვნულმა ნაკრებმა და 50 კლუბმა უმაღლეს დონეზე ფიფა-ს ახალი ხედვის შესაბამისი კალენდრით ითამაშონ, რაც უფრო მეტი შეჯიბრების გამართვას გულისხმობს.