კობიაშვილი ჩემპიონატის შეჩერებაზე პრეტენზიას გამოეხმაურა - ფედერაციიდან იყო ვაქცინაციის შეთავაზებაც და ინიციატივაც, თუმცა ჩვენ ვერავის დავაძალებთ #1TVSPORT
კობიაშვილი ჩემპიონატის შეჩერებაზე პრეტენზიას გამოეხმაურა - ფედერაციიდან იყო ვაქცინაციის შეთავაზებაც და ინიციატივაც, თუმცა ჩვენ ვერავის დავაძალებთ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ტურნირის შეჩერებასთან დაკავშირებით კამათი წარმოიშვა, რასაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელშივე უპასუხა.

ეს კამათი ეროვნული ლიგის გვერდზე ცნობის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის „დინამოსა” და თბილისის „ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.

კამათი ერთ-ერთი გულშემატკივრის პოსტმა გამოიწვია, რომელიც ეროვნული ლიგის შეჩერების წინააღმდეგია.

„ეს კამპანია ცოტა ადრე უნდა დაგეწყოთ, თუნდაც ერთი თვით ადრე. ეს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა უნდა ყოფილიყო და დღეს ჩემპიონატი არ გაჩერდებოდა. ყოველ შემთხვევაში, უმაყურებლოდ მაინც გაგრძელდებოდა. აცრა იქნებოდა თუ ტესტირება, ჩემპიონატის გაჩერება შეცდომა იყო. ჩვენ გვქონდა უმაყურებლოდ თამაშის პრაქტიკა ისევე როგორც მთელ მსოფლიოს. ასეთივე რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვატარებდით წინა ჩემპიონატს უმაყურებლოდ.

რაზეც ლევან კობიაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი ინიციატივა ფედერაციისგან დიდი ხნის წინ იყო.

„ფედერაციიდან დიდი ხნის წინ იყო შეთავაზებაც და ინიციატივაც, თუმცა ჩვენ ვერ დავაძალებთ ვერავის. ან იკეთებ აცრას ან პისიარ ტესტს. სხვა ბერკეტი ამ ეტაპზე არ არის. ჩემპიონატის გაჩერება თქვენზე ნაკლებად არ გვაწუხებს. რაც შეეხება მცდელობას, როგორ ფიქრობთ წინაზე თუ გვქონდა და ჩავატარეთ, ახლა არ გვექნებოდა? სამწუხაროდ, მარტო ჩვენ სურვილზე არ ხდება ყველაფერი. იმედია სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი გაგრძელდება“, – უპასუხა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდა. 14 და 15 აგვისტოს გასამართი ტურის მატჩები 12 სექტემბერს დაიგეგმა.