კობიაშვილი აუდიოჩანაწერის შესახებ - უშუალოდ მე ეს შეტყობინება არ მიმიღია, თუმცა შესაბამის სამსახურებს უკვე აქვთ ინფორმაცია #1TVSPORT
კობიაშვილი აუდიოჩანაწერის შესახებ - უშუალოდ მე ეს შეტყობინება არ მიმიღია, თუმცა შესაბამის სამსახურებს უკვე აქვთ ინფორმაცია #1TVSPORT

სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვრცელდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, ხოლო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის წყაროს მტკიცებით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრს, ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმა ნოდარ ნიშნიანიძე, რომელმაც თავისი ნათესავის უთამაშებლობით უკმაყოფილება გამოხატა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს და ნაკრების წევრებს დაემუქრა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უპასუხა კითხვაზე, ნოდარ ნიშნიანიძისგან პირადად მიიღო თუ არა შეტყობინება.

„მე უშუალოდ არ მიმიღია ეს შეტყობინება. თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს აქვთ უკვე ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება მთავარი, თითოეული ჩვენი წევრის, თითოეული მოთამაშის უსაფრთხოება დაცული იყოს. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე შესაბამისი სამსახურების საქმიანობა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ასეც იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს საშუალება დაძაბულობა და გაუგებრობა შემოიტანოს გუნდში, რომელიც არის ერთიანი და წარმატების გზაზე დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ამ წარმატების გზას ერთობლივად გავაგრძელებთ“, – ამბობს სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

წარსულში ნასამართლევი პირის – ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.